მედია ანონსი
28 მარტი, 2012"საქართველოში აივ პრევენციის პროექტი" ახალგაზრდებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 28 მარტი, 2012 - ხვალ, 29 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო ვერ პალასში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტი" თბილისის სკოლის მოსწავლეებსა და უნივერსიტეტის სტუდენტებში ჩატარებული ქცევის ზედამხედველობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი; პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე; USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი და სხვა სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ქცევის ზედამხედველობის კვლევის მიზანია აივ/შიდსთან მიმართებაში ახალგაზრდების ცოდნის, დამოკიდებულებისა და ქცევის შესახებ აქტუალური ინფორმაციის მოპოვება/შესწავლა, რათა თბილისში, სადაც აივ პოზიტიური შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება უფრო ზუსტად და მიზანმიმართულად დაიგეგმოს ახალგაზრდებზე მიმართული აივ ინფექციის პრევენციული ღონისძიებები.
კვლევამ, რომელშიც თბილისში მცხოვრებმა 2000-ამდე (15-დან 24 წლამდე) ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა აჩვენა, რომ აივ/შიდსთან მიმართებაში ახალგაზრდების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია, სჭარბობს აივ პოზიტიური ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
გამოვლინდა მამრობითი სქესის რესპონდენტებში სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყების ტენდენცია, ხოლო სქესობრივად აქტიური ვაჟების თითქმის ნახევარმა აღნიშნა სქესობრივი კონტაქტი კომერციულ სექს-მუშაკთან.
გამოკითხულთა დაახლოებით 18% ყოველდღიურად ეწეოდა სიგარეტს, თამბაქოს გასინჯვის საშუალო ასაკი 13 წელია. ახლგაზრდების თითქმის 9%-ს გასინჯული ჰქონდა მარიხუანა; მარიხუანას მოხმარების ყველაზე მაღლი მაჩვენებელი მამრობითი სქესის სტუდენტებს შორის დაფიქსირდა. ყოველმა მეორე რესპონდენტმა დაადასტურა ალკოჰოლის მიღება ბოლო თვის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველოს ახალგაზრდებში აივ-ის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკების მოხმარება და სქესობრივი აქტივობა ადრეული ასაკიდან იწყება, ხოლო აივ-ის გადაცემის გზებისა და პრევენციული მეთოდების შესახებ ცოდნის დონე ამ პოპულაციაში დაბალია. მოცემული კვლევა საშუალებას იძლევა უკეთ დაიგეგმოს პროგრამები და საქმიანობა, რაც ხელს შეუწყობს აივ ინფექციასთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და ამ ჯგუფში რიკის შემცველი ქცევების შემცირებას.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" მიზანია მაღალი რისკის ჯგუფებში აივ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობაში ინფექციის გავრცელება. პროექტი დაიწყო 2010 წლის 4 თებერვალს და დასრულდება 2014 წლის დეკემბერში. პროექტი ხორციელდება RTI International-ის (RTI) და მისი ქვეკონტრაქტორების Save the Children International-ის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით
USAID საქართველოში: ბოლო 19 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID -ის მეშვეობით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია საქართველოს. ამჟამად 40-ზე მეტი პროექტია განხორციელების პროცესში. ეს პროექტები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს თავისუფალ დემოკრატიაზე გადასვლის პერიოდში. მათი ინიციატივის შემწეობით ჩქარდება ეკონომიკის ზრდა, ვითარდება დემოკრატიული ინსტიტუტები და უმჯობესდება ჯანდაცვისა და განათლების სფეროები. USAID 100-ზე მეტ ქვეყანას უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ -- http://georgia.usaid.gov